კითხვა-პასუხი
საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურის კომპეტენციაში შემავალ საკითხებზე კითხვების შემთხვევაში გთხოვთ მოგვმართოთ:
მეთოდოლოგიის, საერთაშორისო ურთიერთობებისა
და იურიდიული სამმართველო
ტელეფონი: 31 27 02
ინფორმაციის მიღებისა და დამუშავების სამმართველო
ტელეფონი: 31 27 03
შეკითხვა: ექვემდებარება თუ არა ყველა გარიგება ფინანსურ მონიტორინგს?
პასუხი: ყველა გაირეგბა არ ექვემდებარება მონიტორინგს. «უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის აღკვეთის ხელშეწყობის შესახებ» საქართველოს კანონის მეხუთე მუხლი განსაზღვრავს მონიტორინგს დაქვემდებარებულ გარიგებებს.
მონიტორინგს ექვემდებარება პირის მიერ დადებული ან შესრულებული გარიგება, ან/და გარიგების (მისი თანხის) დანაწევრების მიზნით დადებულ ან შესრულებულ გარიგებათა ერთობლიობა (გარდა კომერციული ბანკების, საბროკერო და სადაზღვევო კომპანიების საშუალებიტ შესრულბეული გარიგებებისა), თუ არსებობს ერთ-ერთი ან ორივე შემდეგი პირობა:
ა) გარიგების ან გარიგებათა ერთობლიობის თანხა აღემატება 30 000 ლარს ან მის ეკვივალენტს სხვა ვალუტაში (როგორც ნაღდი, ისე უნაღდო ანგარიშსწორების შემთხვევაში);
ბ) გარიგება საეჭვოა ზემოაღნიშნული კანონის მე-2 მუხლის «თ» ქვეპუნქტის შესაბამისად;
საეჭვო გარიგება - გარიგება (მიუხედავად მისი თანხის ოდენობისა და ოპერაციის სახეობისა), რომელზედაც არსებობს საფუძვლიანი ეჭვი, რომ იგი დაიდო ან შესრულდა უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის ან ტერორიზმის დაფინანსების მიზნით (ეჭვს იწვევს გარიგების მონაწილე პირი ან გარიგების თანხის წარმოშობა, ან არსებობს სხვა საფუძველი, რომლის გამოც იგი შეიძლება მიჩნეულ იქნას საეჭვოდ), ან რომ მისი მონაწილე რომელიმე პირი შეტანილია ტერორისტთა ან ტერორიზმის ხელშემწყობ პირთა სიაში ან/და შესაძლებელია დაკავშირებული იყოს მათთან, ან/და მასში მონაწილე ფულადი სახსრები შესაძლებელია დაკავშირებული იყოს ან გამოყენებულ იქნას ტერორიზმისათვის, ტერორისტული აქტისათვის ან ტერორისტების მიერ ან ტერორიზმის დამფინანსებლის მიერ, ან რომ მისი მონაწილე რომელიმე პირის იურიდიული ან ფაქტობრივი მისამართი ან საცხოვრებელი ადგილი არის არაკოოპერირებად (არამოთანამშრომლე) ზონაში, ან რომ მისი თანხის გადარიცხვა ხდება ასეთ ზონაში ან ასეთი ზონიდან.
კანონი და, მის საფუძველზე, შესაბამისი დებულებები დიფერენცირებულად განსაზღვრავენ კომერციულ ბანკებში, საბროკერო და სადაზღვევო კომპანიებში მონიტორინგს დაქვემდებარებულ გარიგებათა სახეობებს.
მონიტორინგს ექვემდებარება პირის მიერ შესრულებული საბანკო ოპერაცია ან დადებული გარიგება, ან/და საბანკო ოპერაციის (გარიგების) დანაწევრების მიზნით შესრულებული საბანკო ოპერაციების (დადებული გარიგებების) ერთობლიობა, თუ არსებობს ერთ-ერთი ან ორივე შემდეგი პირობა:
ა) საბანკო ოპერაცია (გარიგება) საეჭვოა, მიუხედავად მისი თანხის ოდენობისა, შემდეგ შემთხვევებში:
ა.ა) საბანკო ოპერაცია (გარიგება), რომელზეც არსებობს საფუძვლიანი ეჭვი, რომ იგი დაიდო ან შესრულდა უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის ან ტერორიზმის დაფინანსების მიზნით (ეჭვს იწვევს გარიგების მონაწილე პირი ან გარიგების თანხის წარმოშობა, ან არსებობს სხვა საფუძველი, რომლის გამოც იგი შეიძლება მიჩნეულ იქნას საეჭვოდ);
ა.ბ) საბანკო ოპერაციის (გარიგების) მონაწილე რომელიმე პირი შეტანილია ტერორისტთა ან ტერორიზმის ხელშემწყობ პირთა სიაში ან/და შესაძლებელია დაკავშირებული იყოს მათთან;
ა.გ) საბანკო ოპერაციაში (გარიგებაში) მონაწილე ფულადი სახსრები შესაძლებელია დაკავშირებული იყოს ან გამოყენებულ იქნას ტერორიზმისათვის, ტერორისტული აქტისათვის ან ტერორისტების მიერ ან ტერორიზმის დამფინანსებლის მიერ;
ა.დ) საბანკო ოპერაციის (გარიგების) მონაწილე რომელიმე პირის იურიდიული ან ფაქტობრივი მისამართი ან საცხოვრებელი ადგილი არის არაკოოპერირებად (არამოთანამშრომლე) ზონაში, ან რომ მისი თანხის გადარიცხვა ხდება ასეთ ზონაში ან ასეთი ზონიდან;
ბ) პირის მიერ დადებული ან შესრულებული გარიგება ან/და მისი დანაწევრების მიზნით დადებულ ან შესრულებულ გარიგებათა ერთობლიობა, თუ გარიგების ან გარიგებათა ერთობლიობის თანხა აღემატება 30 000 ლარს (ან მის ეკვივალენტს სხვა ვალუტაში) და ამავე დროს იგი თავისი შინაარსით არის შემდეგი გარიგება (ოპერაცია):
ბ.ა) თანხის მიღება წარმომდგენზე საბანკო ჩეკით;
ბ.ბ) უცხოური ვალუტის ყიდვა-გაყიდვა ბანკნოტების საშუალებით;
ბ.გ) საყურადღებო ან საეჭვო ზონაში მოქმედი ან რეგისტრირებული ბანკის საბანკო ანგარიშიდან მფლობელის მიერ თანხის გადმორიცხვა საქართველოში არსებულ საბანკო ანგარიშზე ან თანხის გადარიცხვა საქართველოდან ასეთ ზონაში მოქმედ ან რეგისტრირებულ ბანკში არსებულ საბანკო ანგარიშზე;
ბ.დ) საყურადღებო ან საეჭვო ზონაში რეგისტრირებული პირის მიერ სესხის გაცემა ან მიღება, ანდა ასეთი პირის მიერ საქართველოში არსებული საბანკო დაწესებულების მეშვეობით განხორციელებული ნებისმიერი სხვა გარიგება (ოპერაცია);
ბ.ე) სხვა სახელმწიფოში ანონიმური პირის საბანკო ანგარიშზე თანხის საქართველოდან გადარიცხვა ან ანონიმური პირის სხვა სახელმწიფოში არსებული საბანკო ანგარიშიდან თანხის საქართველოში გადმორიცხვა;
ბ.ვ) საწარმოს საწესდებო კაპიტალში ფულადი სახსრების შეტანა, გარდა „ფასიანი ქაღალდების ბაზრის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებულ ანგარიშვალდებულ საწარმოთა აქციების შეძენისა;
ბ.ზ) ფიზიკური პირის (არამეწარმე სუბიექტის) მიერ ნაღდი ფულადი ფორმით შეტანილი თანხის გადარიცხვა (გარდა ბიუჯეტში თანხების ჩარიცხვისა და საქართველოს ფარგლებში მის საკუთარ ანგარიშებს შორის თანხის გადარიცხვისა); აღნიშნული გარიგების ქვეშ იგულისხმება როგორც ანგარიშიდან, ასევე ანგარიშის გაუხსნელად შესრულებული ოპერაცია;
ბ.თ) სესხის გაცემა წარმომდგენზე ფასიანი ქაღალდებით უზრუნველყოფით;
ბ.ი) იურიდიული პირის რეგისტრაციიდან 90 კალენდარულ დღეში თანხის მის საბანკო ანგარიშზე ჩარიცხვა ან ამ ანგარიშიდან გადარიცხვა;
ბ.კ) გრანტის ან საქველმოქმედო დახმარების თანხის ანგარიშზე ჩარიცხვა ან ანგარიშიდან გადარიცხვა;
ბ.ლ) საეჭვო ფინანსური ინსტიტუტის მონაწილეობით განხორციელებული გარიგება (ოპერაცია);
საბროკერო კომპანიაში მონიტორინგს ექვემდებარება პირის მიერ დადებული ან შესრულებული გარიგება ან/და მისი დანაწევრების მიზნით დადებულ ან შესრულებულ გარიგებათა ერთობლიობა, თუ არსებობს ერთ-ერთი ან ორივე შემდეგი პირობა:
ა) გარიგება საეჭვოა.
ბ) გარიგების ან გარიგებათა ერთობლიობის თანხა აღემატება 30 000 ლარს (ან მის ეკვივალენტს სხვა ვალუტაში) და ამავე დროს იგი თავისი შინაარსით არის შემდეგი გარიგება (ოპერაცია):
ბ.ა) წარმომდგენზე ფასიანი ქაღალდებით შესრულებული გარიგება;
ბ.ბ) საეჭვო ფინანსური ინსტიტუტის მონაწილეობით განხორციელებული გარიგება (ოპერაცია);
ბ.გ) ფასიანი ქაღალდებით საყურადღებო ან საეჭვო ზონაში მყოფი და რეგისტრირებული პირის მიერ ან/და ასეთ ზონაში მოქმედი ბანკის საბანკო ანგარიშის გამოყენებით შესრულებული გარიგება;
ბ.დ) ნაღდი ფულით შესრულებული გარიგება.
სადაზღვევო კომპანიაში მონიტორინგს ექვემდებარება პირის მიერ დადებული ან შესრულებული ოპერაცია (გარიგება) ან/და მისი დანაწევრების მიზნით დადებულ ან შესრულებულ გარიგებათა (ოპერაციათა) ერთობლიობა, თუ არსებობს ერთ-ერთი ან ორივე შემდეგი პირობა:
ა) გარიგება (ოპერაცია) საეჭვოა ამ დებულების მე-2 მუხლის „ე“ ქვეპუნქტის შესაბამისად. კერძოდ, მიუხედავად თანხის ოდენობისა, შემდეგ შემთხვევებში:
ა.ა) ოპერაცია (გარიგება), რომელზეც არსებობს საფუძვლიანი ეჭვი, რომ იგი დაიდო ან შესრულდა უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის ან ტერორიზმის დაფინანსების მიზნით (ეჭვს იწვევს გარიგების მონაწილე პირი ან გარიგების თანხის წარმოშობა, ან არსებობს სხვა საფუძველი, რომლის გამოც იგი შეიძლება მიჩნეულ იქნას საეჭვოდ);
ა.ბ) ოპერაციის (გარიგების) მონაწილე რომელიმე პირი შეტანილია ტერორისტთა და ტერორიზმის ხელშემწყობ პირთა სიაში ან/და შესაძლებელია დაკავშირებული იყოს მათთან;
ა.გ) ოპერაციაში (გარიგებაში) მონაწილე ფულადი სახსრები შესაძლებელია დაკავშირებული იყოს ან გამოყენებულ იქნას ტერორიზმისათვის, ტერორისტული აქტისათვის ან ტერორისტების მიერ ან ტერორიზმის დამფინანსებლის მიერ;
ა.დ) ოპერაციის (გარიგების) მონაწილე რომელიმე პირის იურიდიული ან ფაქტობრივი მისამართი ან საცხოვრებელი ადგილი არის არაკოოპერირებად (არამოთანამშრომლე) ზონაში, ან რომ მისი თანხის გადარიცხვა ხდება ასეთ ზონაში ან ასეთი ზონიდან;
ბ) გარიგების (ოპერაციის) ან გარიგებათა (ოპერაციათა) ერთობლიობის თანხა აღემატება 30 000 ლარს (ან მის ეკვივალენტს სხვა ვალუტაში) და ამავე დროს იგი თავისი შინაარსით არის შემდეგი გარიგება (ოპერაცია):
ბ.ა) დაბრუნებადი სიცოცხლის დაზღვევა;
ბ.ბ) ანუიტეტური და საპენსიო დაზღვევა;
ბ.გ) პრემიის დაბრუნების პირობით პიროვნული დაზღვევა;
ბ.დ) საყურადღებო ან საეჭვო ზონაში მყოფი და რეგისტრირებული პირის მიერ ან/და ასეთ ზონაში მოქმედი ბანკის საბანკო ანგარიშის გამოყენებით შესრულებული გარიგება;
ბ.ე) დამზღვევის ინიციატივით პირველი სამი თვის განმავლობაში გაწყვეტილი სადაზღვევო კონტრაქტი;
ბ.ვ) საეჭვო ფინანსური ინსტიტუტის მონაწილეობით განხორციელებული ოპერაცია (გარიგება);
ბ.ზ) ნაღდი ფულით შესრულებული გარიგება.
მონიტორინგს ექვემდებარება აგრეთვე საეჭვო გარიგების დადების ან ოპერაციის შესრულების მცდელობა და სხვა ფაქტი (გარემოება), რომელიც საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურის წერილობითი მითითების შესაბამისად შეიძლება უკავშირდებოდეს უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციას ან ტერორიზმის დაფინანსებას.
შეკითხვა: რა ვადაში უნდა დადგეს მონიტორინგის განმახორციელებელი პირი აღრიცხვაზე საქართველოს ფინანსური მონიტიტორინგის სამსახურში და რა არის საამისოდ აუცილებელი?
პასუხი: მონიტორინგის განმახორციელებელი პირებისთვის საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურში აღრიცხვაზე დადგომის ვადები განსაზღვრულია შესაბამისი დებულებებით და სხვადასხვაა შემდეგი მონიტორინგის განმახორციელებელი პირებისთვის:
· კომერციული ბანკებისთვის - საქართველოს საფინანსო ზედამხედველობის სააგენტოში ლიცენზიის მიღებიდან 1 თვის ვადა;
· მიკროსაფინანსო ორგანიზაციებისთვის - საქართველოს საფინანსო ზედამხედველობის სააგენტოში რეგისტრაციიდან 1 თვის ვადა;
· სადაზღვევო კომპანიებისთვის - საქართველოს საფინანსო ზედამხედველობის სააგენტოში ლიცენზიის მიღებიდან 1 თვის ვადა;
· ფასიანი ქაღალდების რეგისტრატორებისთვის - ლიცენზიის ამოქმედებიდან 1 თვის ვადა;
· საბროკერო კომპანიებისთვის - ლიცენზიის ამოქმედებიდან 1 თვის ვადა;
· სავალუტო პუნქტებისთვის - საქართველოს საფინანსო ზედამხედველობის სააგენტოში რეგისტრაციიდან 10 დღის ვადა;
· ფულადი გზავნილების განმახორციელებელი პირებისთვის - საქართველოს საფინანსო ზედამხედველობის სააგენტოში რეგისტრაციიდან 10 დღის ვადა;
· არასაბანკო სადეპოზიტო დაწესებულებებისთვის - საკრედიტო კავშირებისთვის - საქართველოს საფინანსო ზედამხედველობის სააგენტოში ლიცენზიის აღებიდან 20 დღის ვადა.
აღრიცხვაზე დადგომის მიზნით აუცილებელია შევსებული და მონიტორინგის განმახორციელებელი პირის ხელმძღვანელის მიერ ხელმოწერილი სააღრიცვხო ფორმის წარმოდგენა საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურში, მისამართზე: წყნეთი, დ. გურამიშვილის ქუჩა #39 ან ეროვნული ბანკის შენობაში მისამართზე: თბილისი გ. ლეონიძის ქუჩა #3/5.
სააღრიცხვო ფორმა დანართის სახით ერთვის შესაბამის დებულებას, აგრეთვე მისი მიღება და შესაბამისი კონსულტაცია შესაძლოა საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურში, მისამართზე _ წყნეთი, გურამიშვილის ქუჩა #39.
შეკითხვა: რა პერიოდი უნდა იქნეს აღებული გარიგების დანაწევრების მიზნით განხორციელებული გარიგებების (ოპერაციების) გამოსავლენად?
პასუხი: საქართველოს კანონმდებლობით კლიენტის მიერ თანხის (თანხების) დანაწევრებასთან დაკავშირებით პერიოდულობა დადგენილი არ არის. მონიტორინგის განმახორციელებელმა პირებმა თვითონ უნდა შეაფასონ კლიენტის მიერ თანხის დანაწევრებასთან დაკავშირებული რისკები და იმოქმედონ თითოეული კლიენტისა და მათ მიერ განხორციელებული ოპერაციების თავისუბერებების გათვალისწინებით.
შეკითხვა: ექვემდებარება თუ არა მონიტორინგს ერთიდაიგივე პირის მიერ განხორციელებული სხვადასხვა გარიგებები (ოპერაციები), თუ მათი ჯამური ოდენობა აჭარბებს 30 000 (მაგალითად, პირმა მიკროსაფინანსო ორგანიზაციიდან გაიტანა სესხი 20 000 ლარის ოდენობით და იქვე მოახდინა ამ თანხის კონვერტაცია)?
პასუხი: ერთიდაიგივე პირის მიერ განხორციელებული სხვადასხვა გარიგება (ოპერაცია) იმ შემთხვევაში ექვემდებარება მონიტორინგს თუ თითოეული (ცალკე) შესრულებული გარიგების თანხა აჭარბებს 30 000 ლარს. სხვადასხვა გარიგებების (ოპერაციების) თანხების დაჯამების პრინციპი ამ შემთხვევაში არ გამოიყენება.