საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახური

საქართველოს პარლამენტის მიერ 2003 წლის 6 ივნისს მიღებულ იქნა უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის აღკვეთის ხელშეწყობის შესახებ საქართველოს კანონი, რომლის საფუძველზეც საქართველოს პრეზიდენტის 2003 წლის 16 ივლისის #354 ბრძანებულებით საქართველოს ეროვნულ ბანკთან საჯარო სამართლის იურიდიული პირის სტატუსით შეიქმნა საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახური. სამსახური წარმოადგენს სახელმწიფო მმართველობის ორგანოებისაგან განცალკევებულ დამოუკიდებელ ორგანიზაციას, რომლის მიზანია უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციისა (ფულის გათეთრებისა) და ტერორიზმის დაფინანსების ფაქტების გამოვლენა და შესაბამისი პრევენციული მექანიზმების ამოქმედების უზრუნველყოფა.

საერთაშორისო ორგანიზაციების რეკომენდაციებზე დაყრდნობით ფინანსური მონიტორინგის სამსახურის მიერ შემუშავდა კანონპროექტი უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის აღკვეთის ხელშეწყობის შესახებ საქართველოს კანონში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე, რომელიც 2004 წლის 25 თებერვალს მიღებულ იქნა საქართველოს პარლამენტის მიერ. აღნიშნული კანონით უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის აღკვეთის ხელშეწყობის შესახებ კანონში შეტანილი იქნა მთელი რიგი ცვლილებები, რომელთაგან ყველაზე მნიშვნელოვანი ეხება კანონის მე-5 მუხლს. აღნიშნული ცვლილება ამოქმედდა 2004 წლის 1 სექტემბრიდან. მის თანახმად მონიტორინგს დაექვემდებარება როგორც ნაღდი, აგრეთვე უნაღდო ანგარიშსწორებით განხორციელებული გარიგებები, რომელთა თანხა აღემატება 30 000 ლარს და ყველა საეჭვო გარიგება, მიუხედავად მისი თანხის ოდენობისა.

"უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის აღკვეთის ხელშეწყობის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად, ფინანსური მონიტორინგის განმახორციელებელი პირები ვალდებულნი არიან მიაწოდონ ინფორმაცია მონიტორინგს დაქვემდებარებული გარიგებების შესახებ საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურს, სადაც ხდება ამ ინფორმაციის სისტემატიზაცია და გაანალიზება, ხოლო საკმარისი საფუძვლების არსებობის შემთხვევაში მასალები იმ გარიგებების თაობაზე, რომლებიც შესაძლოა დაკავშირებული იყოს უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციასთან ან ტერორიზმის დაფინანსებასთან, გადაეცემა უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციაზე სისხლისსამართლებრივი დევნის სპეციალურ სამსახურს, რომელიც შექმნილია საქართველოს გენერალურ პროკურატურაში.

საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურმა "უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის აღკვეთის ხელშეწყობის შესახებ" საქართველოს კანონის საფუძველზე შეიმუშავა და დაამტკიცა კანონქვემდებარე ნორმატიული აქტები (იხ. "კანონმდებლობა"), რომლებითაც მონიტორინგის განმახორციელებელი პირების (კომერციული ბანკები, ვალუტის გადამცვლელი პუნქტები, არასაბანკო სადეპოზიტო დაწესებულებები, საბროკერო კომპანიები, ფასიანი ქაღალდების რეგისტრატორები, სადაზღვევო კომპანიები, არასახელმწიფო საპენსიო სქემის დამფუძნებლები, სამორინეები, ლატარიებისა და სხვა მომგებიანი თამაშების მომწყობი პირები, ძვირფას ლითონებთან, ძვირფას ქვებთან და მათ ნაწარმთან და ანტიკვარულ ნივთებთან დაკავშირებული საქმიანობის განმახორციელებელი პირები, საბაჟო ორგანოები, გრანტებისა და საქველმოქმედო დახმარებების გამცემი პირები, ნოტარიუსები, საფოსტო ორგანიზაციები) კატეგორიების მიხედვით განისაზღვრა მათ მიერ ინფორმაციის მიღების, დამუშავების, შენახვისა და ფინანსური მონიტორინგის სამსახურისათვის გადაცემის წესები და პირობები.

საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურმა გამოსცა ბრძანებები, რომლებითაც შესაბამისი საერთაშორისო ორგანიზაციების ინფორმაციაზე დაყრდნობით და მათი რეკომენდაციების გათვალისწინებით განისაზღვრა ტერორისტთა და ტერორიზმის ხელშემწყობ პირთა სია და არაკოოპერირებადი ზონების ჩამონათვალი (ე.წ. "შავი სია", ანუ ქვეყნები და ტერიტორიები, სადაც არ ტარდება ან არასათანადოდ ხორციელდება ფულის გათეთრების წინააღმდეგ მიმართული ზომები). ფინანსური მონიტორინგის სამსახურის მიერ გამოცემული ბრძანებები გამოქვეყნებულია "საქართველოს საკანონმდებლო მაცნეში" (იხ. "კანონმდებლობა").

საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახური შეუდგა აქტიურ საქმიანობას შექმნის დღიდანვე. სამსახური თავის მუშაობას წარმართავს საერთაშორისო სავალუტო ფონდთან, მსოფლიო ბანკთან, ევროპის საბჭოს ფულის გათეთრების წინააღმდეგ მიმართულ ღონისძიებათა შემფასებელ რჩეულ ექსპერტთა კომიტეტთან (MONEYVAL), ამერიკის შეერთებული შტატების სახაზინო და იუსტიციის დეპარტამენტებთან, სხვა საერთაშორისო და უცხო სახელმწიფოთა შესაბამის სტრუქტურებთან მჭიდრო თანამშრობლობით. საერთაშორისო ორგანიზაციებისა და უცხო სახელმწიფოთა შესაბამისი სტრუქტურების ექსპერტები სამსახურს კონსულტაციებს უწევენ როგორც პრაქტიკულ საკითხებში, ისე საკანონმდებლო-ნორმატიული ბაზის სრულყოფისა და საერთაშორისო ნორმებთან ჰარმონიზაციის სფეროში.

საერთაშორისო თანამშრომლობის თვალსაზრისით უმნიშვნელოვანეს მიღწევად უნდა ჩაითვალოს ის, რომ 2004 წლის 23 ივნისს საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახური გახდა ეგმონტის ჯგუფის (101 ქვეყნის ანალოგიური სამსახურის გაერთიანება) წევრი, რაც აძლევს სამსახურს აღნიშნული ჯგუფის წევრ ქვეყნებთან ოპერატიული ინფორმაციის გაცვლის საშუალებას. გარდა ამისა, სამსახურს დამყარებული აქვს მჭიდრო საქმიანი ურთიერთობები ამერიკის შეერთებული შტატების, რუსეთის ფედერაციის, უკრაინისა და სხვა ქვეყვების შესაბამის სამსახურებთან. ახორციელებს მუშაობას ისეთი მიმართულებებითაც, რომლებიც სამსახურის უმთავრესი ამოცანის შესრულების თვალსაზრისით დამხმარე დატვირთვას ატარებენ. კერძოდ, ფინანსური მონიტორინგის სამსახურს დამყარებული აქვს მჭიდრო საქმიანი კონტაქტები ისეთ სტრუქტურებთან, როგორიცაა საქართველოს გენერალური პროკურატურა, შინაგან საქმეთა სამინისტრო, სახელმწიფო უშიშროების სამინისტრო, ინტერპოლის ეროვნული ცენტრალური ბიურო, სტატისტიკის სახელმწიფო დეპარტამენტი, რომლებსაც სამსახური მიმართავს მიღებული ინფორმაციის შევსებისა და უფრო დეტალური გაანალიზების მიზნით. სისტემატურ ხასიათს ატარებს აგრეთვე სამსახურის თანამშრომლობა როგორც საზედამხედველო ორგანოებთან, ისე ცალკეულ მონიტორინგის განმახორციელებელ პირებთან. თანამშრომლობის ფარგლებში ფინანსური მონიტორინგის სამსახური მონიტორინგის განმახორციელებელ პირებს უწევს კონსულტაციებს, აწვდის მათ შესაბამის მეთოდოლოგიურ და სარეკომენდაციო მასალებს, სათანადო ინსტრუქციებს. ამავე დროს, მიმდინარეობს მუშაობა მონიტორინგის განმახორციელებელი პირების თანამშრომლებისათვის სპეციალური სასწავლო პროგრამების ორგანიზების მიზნით.

საქართველოს ეროვნული ბანკი და ფინანსური მონიტორინგის სამსახური მუდმივად აანალიზებენ როგორც ქვეყნის ფინანსური სისტემის მდგრადობასა და საიმედოობას, ისე "უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის აღკვეთის ხელშეწყობის შესახებ" საქართველოს კანონით დადგენილი სამართლებრივი ნორმების პრაქტიკული რეალიზაციის საკითხებს. ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების წინააღმდეგ მიღებულმა ზომებმა და საქართველოს ეროვნულ ბანკთან შექმნილი ფინანური მონიტორინგის სამსახურის საქმიანობამ გარკვეულწილად გაზარდა კიდეც როგორც საქართველოს მოსახლეობის, ისე უცხოელ პარტნიორთა ნდობა საქართველოს ფინანსური სისტემის მიმართ და შექმნა კეთილსინდისიერი ინვესტიციების მოზიდვისათვის საჭირო წინაპირობა.