ანგარიშგებათა მიწოდების ონლაინ სისტემა

FAQ

რა ვადაში აქვს ანგარიშვალდებულ პირს ფმს-ში აღრიცხვის ფორმის წარდგენის ვალდებულება?

„ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების აღკვეთის ხელშეწყობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული ანგარიშვალდებული პირი, ვალდებულია საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურს წარუდგინოს აღრიცხვის ფორმა საზედამხედველო ორგანოში ლიცენზიის აღებიდან, რეგისტრაციიდან ან ნებართვის აღებიდან არაუგვიანეს 10 სამუშაო დღისა. 

სადაზღვევო ბროკერი, გადაზღვევის ბროკერი, სესხის გამცემი სუბიექტი, ადვოკატი, საადვოკატო ბიურო, რომელსაც საქმიანობა დაწყებული აქვს 2020 წლის 20 ოქტომბრამდე, ვალდებულია აღრიცხვის შევსებული ფორმა საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურს წარუდგინოს 2020 წლის 20 ნოემბრამდე.

აღრიცხვაზე დადგომის მიზნით აუცილებელია ანგარიშვალდებული პირის მონიტორინგის განხორციელებაზე პასუხისმგებელმა თანამშრომელმა შეავსოს და გააგზავნოს ელექტრონული სააღრიცვხო ფორმა სამსახურის ოფიციალურ ვებგვერდზე ( http://www.fms.gov.ge ) განთავსებული ვებპორტალის ( ბმული „ანგარიშგებათა მიწოდების ონლაინ სისტემა“ ) მეშვეობით.

სავალდებულოა თუ არა ანგარიშვალდებული პირისთვის საეჭვო ზონის განსაზღვრა?

ანგარიშალდებული პირისთვის საეჭვო ზონების განსაზღვრა სავალდებულო არ არის, თუმცა მას აქვს შესაძლებლობა, შესაბამისობის კონტროლის სისტემის შემადგენელი პოლიტიკა/პროცედურების მეშვეობით, განსაზღვროს ქვეყანა ან ქვეყნის ტერიტორიის ნაწილი, რომელიც ანგარიშვალდებული პირის ხელთ არსებული ინფორმაციის საფუძველზე მიჩნეულია ფულის გათეთრების სუსტი მაკონტროლებელი მექანიზმის მქონედ.

რა ტიპის გარიგებები ექვემდებარება ფმს-ში რეპორტინგს?

საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურის უფროსის 2020 წლის 5 ივნისის №1 ბრძანებით დამტკიცებული „ანგარიშვალდებული პირის მიერ გარიგების თაობაზე ინფორმაციის აღრიცხვის, შენახვისა და საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურისთვის წარდგენის წესით“ (შემდგომში -„დებულება“) გათვალისწინებული მოთხოვნების შესაბამისად, ანგარიშვალდებული პირი (შემოსავლების სამსახურის და საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს გარდა) ვალდებულია საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურს წარუდგინოს ანგარიშგება საეჭვო გარიგების (გარიგების თანხის ოდენობის მიუხედავად) ან ასეთი გარიგების მომზადების, დადების ან შესრულების მცდელობის შესახებ. ამასთან, ანგარიშვალდებული პირების ცალკეული სუბ-სექტორები ვალდებულნი არიან -  საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურში ანგარიშგება გამოაგზავნონ დადგენილ თანხობრივ ზღვარს ზევით შესრულებული გარიგებების  შესახებაც. კერძოდ, ზემოხსენებული დებულება დიფერენცირებულად განსაზღვრავს კომერციული ბანკების (დებულების მე-5 მუხლის შესაბამისად), მიკროსაფინანსო ორგანიზაციების (დებულების მე-6 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად), საგადახდო მომსახურების პროვაიდერების (დებულების მე-6 მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად), საბროკერო კომპანიების (დებულების მე-6 მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად), ვალუტის გადამცვლელი პუნქტების (დებულების მე-6 მუხლის მე-4 პუნქტის), ნოტარიუსების (დებულების მე-7 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად), ლატარიის ორგანიზატორებისა და აზარტული ან მომგებიანი თამაშობის ორგანიზატორების (დებულების მე-7 მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად), საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოსა (დებულების მე-7 მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად) და შემოსავლების სამსახურის (დებულების მე-7 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად) მიერ რეპორტინგს დაქვემდებარებულ გარიგებათა სახეობებს (დადგენილ თანხობრივ ზღვარს ზევით).

რა შემთხვევაში იგზავნება საეჭვო გარიგების შესახებ ანგარიშგება ფმს-ში?

„ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების აღკვეთის ხელშეწყობის შესახებ“ საქართველოს კანონის მიხედვით, საეჭვო გარიგება განიმარტება, როგორც - გარიგება, რომლის მიმართაც არსებობს საფუძვლიანი ეჭვი, რომ ის მომზადდა, დაიდო ან შესრულდა უკანონოდ მოპოვებული ქონების ან ასეთი ქონებისგან მიღებული შემოსავლის საფუძველზე ან/და ფულის გათეთრების მიზნით ან უკავშირდება ტერორიზმის დაფინანსებას.

ანგარიშვალდებული პირი (შემოსავლების სამსახურის და საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს გარდა) ვალდებულია, სამსახურს წარუდგინოს ანგარიშგება საეჭვო გარიგების (გარიგების თანხის ოდენობის მიუხედავად) ან ასეთი გარიგების მომზადების, დადების ან შესრულების მცდელობის შესახებ. რთული, უჩვეულოდ დიდი გარიგების (ოპერაციის) და გარიგებათა (ოპერაციათა) უჩვეულო ერთობლიობის და დაკავშირებული გარიგებების გამოვლენის შემთხვევაში, ანგარიშვალდებულმა პირმა უნდა შეისწავლოს, არსებობს თუ არა საეჭვო გარიგების შესახებ ანგარიშგების წარდგენის საფუძველი. 

გარიგების (ოპერაციის) საეჭვო გარიგებად მიჩნევის  შესახებ გადაწყვეტილებას, ყოველი ცალკეული გარიგების (ოპერაციის) შესწავლის შემდეგ, იღებს ანგარიშვალდებული პირის უფლებამოსილი თანამშრომელი, კლიენტსა და ამ ოპერაციაზე (გარიგებაზე) მისთვის ხელმისაწვდომი ინფორმაციის შესწავლის საფუძველზე. საეჭვო გარიგების გამოვლენის მიზნით, ანგარიშვალდებული პირის უფლებამოსილი თანამშრომელი იყენებს საერთაშორისო ტიპოლოგიის თაობაზე ინფორმაციას, აგრეთვე ზედამხედველი ორგანოს და ფინანსური მონიტორინგის სამსახურის მიერ შემუშავებულ ინდიკატორებსა და სახელმძღვანელოებს.

რა შემთხვევაში და რა ფორმით ხდება დაკავშირებული გარიგებების შესახებ ფმს-ში ანგარიშგების გაგზავნა?

საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურის უფროსის 2020 წლის 5 ივნისის №1 ბრძანებით დამტკიცებული „ანგარიშვალდებული პირის მიერ გარიგების თაობაზე ინფორმაციის აღრიცხვის, შენახვისა და საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურისთვის წარდგენის წესის“ მე-2 მუხლის „ვ“ ქვეპუნქტის მიხედვით, დაკავშირებული გარიგებები განიმარტება, როგორც -„დროის გონივრულ პერიოდში დადებული ან/და სხვა კრიტერიუმების საფუძველზე განსაზღვრული ერთჯერადი გარიგებები (მათ შორის, ფულადი სახსრების ერთჯერადი გადარიცხვები), რომლებიც ერთსა და იმავე კლიენტს უკავშირდება და შესაძლოა ხორციელდებოდეს გარიგების დანაწევრების მიზნით“. 

ანგარიშვალდებულმა პირმა დაკავშირებული გარიგებების გამოვლენის მიზნით, უნდა მიიღოს სათანადო ზომები, კერძოდ, განსაზღვროს დროის გონივრულ პერიოდში დადებულ ან/და სხვა კრიტერიუმების გათვალისწინებით შერჩეულ ერთჯერად გარიგებათა შემდგომი ანალიზისას გამოყენებული მიდგომები, რათა ერთჯერად გარიგებათა სერიის დაკავშირებულ გარიგებად კლასიფიცირება ეფუძნებოდეს სათანადო ანალიზს (ამ დროს მნიშვნელოვანია გათვალისწინებულ იქნას კლიენტის მახასიათებლები, გარიგების ეკონომიკური (კომერციული) შინაარსი და სხვა მსგავსი გარემოებები) და არა გარიგებათა თანხების ავტომატური შეკრების პრინციპს. დაკავშირებული გარიგებების შესახებ ფინანსური მონიტორინგის სამსახურში ანგარიშგება უნდა გამოიგზავნოს საეჭვო გარიგების სტატუსით (დებულების მე-3 მუხლის მე-10 პუნქტის შესაბამისად).

როგორია საეჭვო გარიგების შესახებ ფმს-ში ინფორმაციის წარდგენის წესი და ვადები?

საეჭვო გარიგების შესახებ ანგარიშგება უნდა აღწერდეს ეჭვის საფუძვლებს (არსებით გარემოებებს) და კლიენტის შესახებ შეიცავდეს იდენტიფიკაციისთვის კანონმდებლობით გათვალისწინებულ ინფორმაციას, ხოლო გარიგების მონაწილე სხვა პირების შემთხვევაში, სულ მცირე, ანგარიშვალდებული პირის ხელთ არსებულ იმ მინიმალურ საიდენტიფიკაციო მონაცემებს, რომელიც ზემოხსენებული პირების სხვა პირებისგან გამორჩევის შესაძლებლობას იძლევა.  ანგარიშგებას აგრეთვე უნდა დაერთოს პრევენციული ღონისძიებების შედეგად მოპოვებული ნებისმიერი ინფორმაცია, რომელიც მნიშვნელოვანია საეჭვო გარიგების ანალიზისთვის.

საეჭვო გარიგების შესახებ ანგარიშგება სამსახურს უნდა წარედგინოს საფუძვლიანი ეჭვის გაჩენის დღესვე სამსახურის ოფიციალურ ვებგვერდზე ( http://www.fms.gov.ge ) განთავსებული ვებპორტალის ( ბმული „ანგარიშგებათა მიწოდების ონლაინ სისტემა“ ) მეშვეობით.

აუცილებელია თუ არა საეჭვო გარიგების შესახებ ანგარიშგება კონკრეტული გარიგების შესახებ ეჭვს ეფუძნებოდეს?

არა, ანგარიშგება უნდა წარედგინოს სამსახურს იმ შემთხვევაშიც, თუ ანგარიშვალდებული პირის ეჭვი კონკრეტულ გარიგებას (ოპერაციას) არ უკავშირდება. ამ შემთხვევაში, ეჭვის საფუძველი შესაძლოა გახდეს, მაგალითად,  კლიენტთან საქმიანი ურთიერთობის განგრძობადი მონიტორინგის შედეგად იდენტიფიცირებული გარემოებები ან ერთჯერადი გარიგების შესრულებისას/შესრულების მცდელობისას კლიენტის ქცევა, მისი გაცხადებული ბიზნეს საქმიანობისა და ინიცირებულ/შესრულებულ გარიგების (ოპერაციის) შინაარსს შორის მნიშვნელოვანი შეუსაბამობა და სხვა.