ანგარიშგებათა მიწოდების ონლაინ სისტემა

FAQ

ექვემდებარება თუ არა ყველა გარიგება ფინანსურ მონიტორინგს?
ყველა გარიგება არ ექვემდებარება მონიტორინგს. «უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის აღკვეთის ხელშეწყობის შესახებ» საქართველოს კანონის მეხუთე მუხლი განსაზღვრავს მონიტორინგს დაქვემდებარებულ გარიგებებს.

მონიტორინგს ექვემდებარება პირის მიერ დადებული ან შესრულებული გარიგება, ან/და გარიგების (მისი თანხის) დანაწევრების მიზნით დადებულ ან შესრულებულ გარიგებათა ერთობლიობა (გარდა კომერციული ბანკების, საბროკერო და სადაზღვევო კომპანიების, აგრეთვე საბუღალტრო ან/და აუდიტორული საქმიანობის განმახორციელებელი პირების საშუალებით შესრულებული გარიგებებისა), თუ არსებობს ერთ-ერთი ან ორივე შემდეგი პირობა:

ა) გარიგების ან გარიგებათა ერთობლიობის თანხა აღემატება 30 000 ლარს ან მის ეკვივალენტს სხვა ვალუტაში (როგორც ნაღდი, ისე უნაღდო ანგარიშსწორების შემთხვევაში);

ბ) გარიგება საეჭვოა ზემოაღნიშნული კანონის მე-2 მუხლის «თ» ქვეპუნქტის შესაბამისად;

საეჭვო გარიგება – გარიგება (მიუხედავად მისი თანხის ოდენობისა და ოპერაციის სახეობისა), რომელზედაც არსებობს საფუძვლიანი ეჭვი, რომ იგი დაიდო ან შესრულდა უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის მიზნით ან/და ქონება (მათ შორის, ფულადი სახსრები), რომლის საფუძველზედაც დაიდო ან შესრულდა გარიგება, მოპოვებულია ან წარმოშობილია დანაშაულებრივი საქმიანობიდან, ან/და გარიგება დაიდო ან შესრულდა ტერორიზმის დაფინანსების მიზნით (ეჭვს იწვევს გარიგების მონაწილე პირი ან გარიგების თანხის წარმოშობა, ან არსებობს სხვა საფუძველი, რომლის გამოც გარიგება შეიძლება მიჩნეულ იქნეს საეჭვოდ), ან რომ მისი მონაწილე რომელიმე პირი შეტანილია ტერორისტთა ან ტერორიზმის ხელშემწყობ პირთა სიაში ან/და შესაძლებელია დაკავშირებული იყოს მათთან, ან/და რომ მასში მონაწილე ფულადი სახსრები შესაძლებელია დაკავშირებული იყოს ან გამოყენებულ იქნეს ტერორიზმისათვის, ტერორისტული აქტისათვის ან ტერორისტების მიერ ან ტერორისტული ორგანიზაციის ან ტერორიზმის დამფინანსებლის მიერ, ან რომ მისი მონაწილე რომელიმე პირის იურიდიული ან ფაქტობრივი მისამართი ან საცხოვრებელი ადგილი არის არაკოოპერირებად (არამოთანამშრომლე) ზონაში, ან რომ მისი თანხის გადარიცხვა ხდება ასეთ ზონაში ან ასეთი ზონიდან (მუხლი 2 „თ“);

კანონი და, მის საფუძველზე, შესაბამისი დებულებები დიფერენცირებულად განსაზღვრავენ კომერციულ ბანკები, საბროკერო და სადაზღვევო კომპანიებისა და საბუღალტრო ან/და აუდიტორული საქმიანობის განმახორციელებელი პირების მიერ მონიტორინგს დაქვემდებარებულ გარიგებათა სახეობებს.

კომერციული ბანკების მონიტორინგს ექვემდებარება საეჭვო გარიგებ, აგრეთვე პირის მიერ დადებული ან შესრულებული გარიგება ან/და მისი დანაწევრების მიზნით დადებულ ან შესრულებულ გარიგებათა ერთობლიობა, თუ გარიგების ან გარიგებათა ერთობლიობის თანხა აღემატება 30 000 ლარს (ან მის ეკვივალენტს სხვა ვალუტაში) და ამავე დროს იგი თავისი შინაარსით არის შემდეგი გარიგება (ოპერაცია):

ა) თანხის მიღება წარმომდგენზე საბანკო ჩეკით;

ბ) უცხოური ვალუტის ყიდვა-გაყიდვა ბანკნოტების საშუალებით;

გ) საყურადღებო ან საეჭვო ზონაში მოქმედი ან რეგისტრირებული ბანკის საბანკო ანგარიშიდან მფლობელის მიერ თანხის გადმორიცხვა საქართველოში არსებულ საბანკო ანგარიშზე ან თანხის გადარიცხვა საქართველოდან ასეთ ზონაში მოქმედ ან რეგისტრირებულ ბანკში არსებულ საბანკო ანგარიშზე;

დ) საყურადღებო ან საეჭვო ზონაში რეგისტრირებული პირის მიერ სესხის გაცემა ან მიღება, ანდა ასეთი პირის მიერ საქართველოში არსებული საბანკო დაწესებულების მეშვეობით განხორციელებული ნებისმიერი სხვა გარიგება (ოპერაცია);

ე) სხვა სახელმწიფოში ანონიმური პირის საბანკო ანგარიშზე თანხის საქართველოდან გადარიცხვა ან ანონიმური პირის სხვა სახელმწიფოში არსებული საბანკო ანგარიშიდან თანხის საქართველოში გადმორიცხვა;

ვ) საწარმოს საწესდებო კაპიტალში ფულადი სახსრების შეტანა, გარდა „ფასიანი ქაღალდების ბაზრის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებულ ანგარიშვალდებულ საწარმოთა აქციების შეძენისა;

ზ) ფიზიკური პირის (არამეწარმე სუბიექტის) მიერ საბანკო ანგარიშზე ფულადი სახსრების ნაღდი ფორმით განთავსება და გადარიცხვა (გარდა ბიუჯეტში თანხების ჩარიცხვისა და საქართველოს ფარგლებში მის საკუთარ ანგარიშებს შორის თანხის გადარიცხვისა);

თ) სესხის გაცემა წარმომდგენზე ფასიანი ქაღალდებით უზრუნველყოფით;

ი) იურიდიული პირის რეგისტრაციიდან 90 კალენდარულ დღეში თანხის მის საბანკო ანგარიშზე ჩარიცხვა ან ამ ანგარიშიდან გადარიცხვა;

კ) გრანტის (გარდა სახელმწიფო ან ადგილობრივი თვითმმართველობის ბიუჯეტიდან გაცემული გრანტისა) ან საქველმოქმედო დახმარების თანხის ანგარიშზე ჩარიცხვა ან ანგარიშიდან გადარიცხვა; (23.03.2010 N2829)

ლ) საეჭვო ფინანსური ინსტიტუტის მონაწილეობით განხორციელებული გარიგება (ოპერაცია).

საბროკერო კომპანიების მონიტორინგს ექვემდებარება საეჭვო გარიგებ, აგრეთვე პირის მიერ დადებული ან შესრულებული გარიგება ან/და მისი დანაწევრების მიზნით დადებულ ან შესრულებულ გარიგებათა ერთობლიობა, თუ გარიგების ან გარიგებათა ერთობლიობის თანხა აღემატება 30 000 ლარს (ან მის ეკვივალენტს სხვა ვალუტაში) და ამავე დროს იგი თავისი შინაარსით არის შემდეგი გარიგება (ოპერაცია):

ა) წარმომდგენზე ფასიანი ქაღალდებით შესრულებული გარიგება;

ბ) საეჭვო ფინანსური ინსტიტუტის მონაწილეობით განხორციელებული გარიგება (ოპერაცია);

გ) ფასიანი ქაღალდებით საყურადღებო ან საეჭვო ზონაში მყოფი და რეგისტრირებული პირის მიერ ან/და ასეთ ზონაში მოქმედი ბანკის საბანკო ანგარიშის გამოყენებით შესრულებული გარიგება;

დ) ნაღდი ფულით შესრულებული გარიგება.

სადაზღვევო კომპანიების მონიტორინგს ექვემდებარება საეჭვო გარიგებ, აგრეთვე პირის მიერ დადებული ან შესრულებული გარიგება ან/და მისი დანაწევრების მიზნით დადებულ ან შესრულებულ გარიგებათა ერთობლიობა, თუ გარიგების ან გარიგებათა ერთობლიობის თანხა აღემატება 30 000 ლარს (ან მის ეკვივალენტს სხვა ვალუტაში) და ამავე დროს იგი თავისი შინაარსით არის შემდეგი გარიგება (ოპერაცია):

ა) დაბრუნებადი სიცოცხლის დაზღვევა;

ბ) ანუიტეტური და საპენსიო დაზღვევა;

გ) პრემიის დაბრუნების პირობით პიროვნული დაზღვევა;

დ) საყურადღებო ან საეჭვო ზონაში მყოფი და რეგისტრირებული პირის მიერ ან/და ასეთ ზონაში მოქმედი ბანკის საბანკო ანგარიშის გამოყენებით შესრულებული გარიგება;

ე) დამზღვევის ინიციატივით პირველი სამი თვის განმავლობაში გაწყვეტილი სადაზღვევო კონტრაქტი;

ვ) საეჭვო ფინანსური ინსტიტუტის მონაწილეობით განხორციელებული გარიგება (ოპერაცია);

ზ) ნაღდი ფულით შესრულებული გარიგება.

საბუღალტრო ან/და აუდიტორული საქმიანობის განმახორციელებელი პირის მონიტორინგს ექვემდებარება საეჭვო გარიგება, როდესაც ეს პირი კლიენტის დავალებით ან კლიენტის სახელით მონაწილეობს შემდეგი სახის საქმიანობაში/გარიგებაში:

ა) უძრავი ქონების ყიდვა-გაყიდვა;

ბ) ფულადი სახსრების, ფასიანი ქაღალდების ან სხვა ქონების მართვა;

გ) საბანკო, შემნახველი ან ფასიანი ქაღალდების ანგარიშების მართვა;

დ) იურიდიული პირის შექმნისთვის, საქმიანობისთვის ან მართვისთვის შენატანების ორგანიზება;

ე) იურიდიული პირის ან ამხანაგობის შექმნა, საქმიანობა ან მართვა;

ვ) იურიდიული პირის (წილის) ყიდვა-გაყიდვა.

რა ვადაში უნდა დადგეს მონიტორინგის განმახორციელებელი პირი აღრიცხვაზე საქართველოს ფინანსური მონიტიტორინგის სამსახურში და რა არის საამისოდ აუცილებელი?

მონიტორინგის განმახორციელებელი პირებისთვის საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურში აღრიცხვაზე დადგომის ვადები განსაზღვრულია შესაბამისი დებულებებით და სხვადასხვაა შემდეგი მონიტორინგის განმახორციელებელი პირებისთვის:

· კომერციული ბანკებისთვის - საქართველოს ეროვნული ბანკის ლიცენზიის მიღებიდან 20 დღის ვადა;

· მიკროსაფინანსო ორგანიზაციებისთვის - საქართველოს ეროვნული ბანკში რეგისტრაციიდან 20 დღის ვადა;

· სადაზღვევო კომპანიებისთვის - საქართველოს ეროვნული ბანკის ლიცენზიის მიღებიდან 20 დღის ვადა;

· ფასიანი ქაღალდების რეგისტრატორებისთვის - საქართველოს ეროვნული ბანკის ლიცენზიის მიღებიდან 20 დღის ვადა;

· საბროკერო კომპანიებისთვის - საქართველოს ეროვნული ბანკის ლიცენზიის მიღებიდან 20 დღის ვადა;

· სავალუტო პუნქტებისთვის - საქართველოს ეროვნული ბანკში რეგისტრაციიდან 10 დღის ვადა;

· ფულადი გზავნილების განმახორციელებელი პირებისთვის - საქართველოს ეროვნული ბანკში რეგისტრაციიდან 10 დღის ვადა;

· არასაბანკო სადეპოზიტო დაწესებულებებისთვის - საკრედიტო კავშირებისთვის - საქართველოს ეროვნული ბანკის ლიცენზიის აღებიდან 20 დღის ვადა.

· ლატარიების, აზარტული და სხვა მომგებიანი თამაშების მომწყობი (ორგანიზატორი) პირები და სამორინეებისათვის – ნებართვის აღებიდან 10 დღის ვადა;

· საბუღალტრო ან/და აუდიტორული საქმიანობის განმახორციელებელი პირებისათვის – საქმიანობის უფლების მოპოვებიდან 1 თვის ვადაში.

აღრიცხვაზე დადგომის მიზნით აუცილებელია მონიტორინგის განმახორციელებელი პირის პასუხისმგებელმა თანამშრომლმა შეავსოს და გააგზავნოს ელექტრონული სააღრიცვხო ფორმა სამსახურის ოფიციალურ ვებგვერდზე (http://www.fms.gov.ge) განთავსებული ვებპორტალის (ბმული „ანგარიშგებათა მიწოდების ონლაინ სისტემა“) მეშვეობით.

რა პერიოდი უნდა იქნეს აღებული გარიგების დანაწევრების მიზნით განხორციელებული გარიგებების (ოპერაციების) გამოსავლენად?

საქართველოს კანონმდებლობით კლიენტის მიერ თანხის (თანხების) დანაწევრებასთან დაკავშირებით პერიოდულობა დადგენილი არ არის. მონიტორინგის განმახორციელებელმა პირებმა თვითონ უნდა შეაფასონ კლიენტის მიერ თანხის დანაწევრებასთან დაკავშირებული რისკები და იმოქმედონ თითოეული კლიენტისა და მათ მიერ განხორციელებული ოპერაციების თავისუბერებების გათვალისწინებით. მიზანშეუწონელია მონიტორინგის განმახორციელებელი პირის მიერ, ოპერაციის (გარიგების) თანხის დანაწევრების განსაზღვრისას, სხვადასხვა გარიგებათა თანხების მექანიკური შეკრება. კლიენტის მიერ თანხის დანაწევრების გამოვლენა უნდა ეყრდნობოდეს მონიტორინგის განმახორციელებელი პირის მიერ მოცემული კლიენტის ბიზნეს–საქმიანობის ანალიზს, მასთან დაკავშირებულ რისკებსა და სხვა ფაქტორებს.

ექვემდებარება თუ არა მონიტორინგს ერთიდაიგივე პირის მიერ განხორციელებული სხვადასხვა გარიგებები (ოპერაციები), თუ მათი ჯამური ოდენობა აჭარბებს 30 000 (მაგალითად, პირმა მიკროსაფინანსო ორგანიზაციიდან გაიტანა სესხი 20 000 ლარის ოდენობით და იქვე მოახდინა ამ თანხის კონვერტაცია)?

ერთიდაიგივე პირის მიერ განხორციელებული სხვადასხვა გარიგება (ოპერაცია) იმ შემთხვევაში ექვემდებარება მონიტორინგს თუ თითოეული (ცალკე) შესრულებული გარიგების თანხა აჭარბებს 30 000 ლარს. სხვადასხვა გარიგებების (ოპერაციების) თანხების დაჯამების პრინციპი ამ შემთხვევაში არ გამოიყენება.

ექვემდებარება თუ არა მონიტორინგს ერთდროულად განხორციელებული ერთნაირი შინაარსის რამდენიმე ოპერაცია, რომელთა ჯამი აღემატება 30 000 ლარს, ხოლო ცალ–ცალკე ოპერაციათა თანხა არ აღემატება აღნიშნულ თანხას? მაგალითად: კლიენტმა 30 000 ლარს ზემოთ თანხით ერთდროულად შეიძინა ორი ან მეტი ვალუტა ან ფასიანი ქაღალდი.
კლიენტის მიერ 30 000 ლარს (ან მისი ექვივალენტს სხვა ვალუტაში) ზემოთ თანხით ერთდროულად განხორციელებული ერთი და იგივე შინაარსის რამდენიმე ოპერაცია ექვემდებარება მონიტორინგს, მიუხედავად იმისა, მათი თანხა ცალ–ცალკე აღემატება თუ არა აღნიშნულ ზღვარს. მაგალითად: მონიტორინგს ექვემდებარება, კლიენტის მიერ 30 000 ლარს (ან მისი ექვივალენტს სხვა ვალუტაში) ზემოთ თანხით ერთდროულად ორი ან მეტი ფასიანი ქაღალდის შეძენა, ან ასეთი თანხით ერთდროულად სხვადასხვა უცხოური ვალუტის ყიდვა ან გაყიდვა.
ექვემდებარება თუ არა მონიტორინგს უჩვეულო გარიგებები?
უჩვეულო გარიგებების მიმართ ფინანსური ინსტიტუტების მიერ გასატარებელი ღონისძიებები ჩამოყალიბებულია ფინანსური ქმედების სპეციალური ჯგუფის შესაბამის რეკომენდაციაში, რომელიც თავის მხრივ ასახულია საქართველოს კანონმდებლობაში.

"უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის აღკვეთის ხელშეწყობის შესახებ" საქართველოს კანონის მე–2 მუხლში მოცემულია უჩვეულო გარიგების განმარტება (პუნქტი 1), ამავე კანონის მე–5 მუხლის მე–9 და მე–10 პუნქტები კი განსაზღვრავენ მონიტორინგის განმახორციელებელი პირების ვალდებულებას უჩვეულო გარიგებებთან დაკავშირებით. კერძოდ, მონიტორინგის განმახორციელებელმა პირებმა განსაკუთრებული ყურადღება უნდა მიაქციონ უჩვეულო გარიგებებს, შესაძლებლობის ფარგლებში შეისწავლონ მათი დადების მიზანი და წერილობით დააფიქსირონ მიღებული შედეგები. მონიტორინგის განმახორციელებელი პირები თავად განსაზღვრავენ გარიგების უჩვეულო გარიგებისთვის მიკუთვნების პრინციპებს. გადაწყვეტილება გარიგების (ოპერაციის) უჩვეულოდ მიჩნევის შესახებ მიიღება ყოველ ცალკეულ შემთხვევაში, მონიტორინგის განმახორციელებელი პირის სათანადო სტრუქტურული ერთეულების მიერ კლიენტებისა და სხვა შესაბამისი პირების იდენტიფიკაციისა და მომსახურების შედეგად მოპოვებული, აგრეთვე მონიტორინგის განმახორციელებელი პირთან არსებული ინფორმაციის საფუძველზე. ამასთან, ზემოაღნიშნული კანონის მე–7 მუხლის მე–3 პუნქტის თანახმად, მონიტორინგის განმახორციელებელი პირი ვალდებულია უჩვეულო გარიგების შესახებ ჩანაწერები შეინახოს გარიგების დადების ან შესრულების დღიდან არანაკლებ 6 წლის განმავლობაში.

აღნიშნულიდან გამომდინარე, მოქმედი კანონმდებლობა არ ითვალისწინებს უჩვეულო გარიგებების შესახებ ანგარიშგების ფორმის ფინანსური მონიტორინგის სამსახურში გაგზავნის ვალდებულებას. ასეთი გარიგებების მიმართ უნდა გატარდეს კანონმდებლობით გათვალისწინებული ზემოთაღწერილი პროცედურები.