ანგარიშგებათა მიწოდების ონლაინ სისტემა

FATF

ფინანსურ ქმედებათა სპეციალური ჯგუფი (FATF)


ფულის გათეთრების წინააღმდეგ ფინანსურ ქმედებათა სპეციალური ჯგუფი (Financial Action Task Force on Money Laundering) შეიქმნა 1989 წელს პარიზში დიდი შვიდეულის წევრი სახელმწიფოების და მთავრობების მეთაურთა სამიტზე მიღებული გადაწყვეტილებით. FATF-ის მიზანია ეროვნულ და საერთაშორისო დონეზე ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების წინააღმდეგ საკანონმდებლო და ინსტიტუციონალური ღონისძიებების განვითარება და მხარდაჭერა, ფულის გათეთრების წინააღმდეგ საერთო პოლიტიკის წარმართვა.

1990 წელს FATF-ის მიერ შემუშავებულ იქნა 40 რეკომენდაცია, რომელიც კომპლექსური სამართლებრივი და ფინანსური ღონისძიებების გატარების გზით მიზნად ისახავდა ეროვნულ დონეზე ფულის გათეთრების პროცესის აღკვეთის ხელშეწყობას. აღნიშნული რეკომენდაციები იქცა საერთაშორისო სტანდარტებად ფულის გათეთრების წინააღმდეგ ბრძოლის სფეროში. 2001 წელს FATF-ის მიერ დამატებით შემუშავებულ იქნა რვა სპეციალური რეკომენდაცია ტერორიზმის დაფინასების წინააღმდეგ გასატარებელ ღონისძიებებთან დაკავშირებით, რასაც მოგვიანებით, 2004 წლის ოქტომბერში, მოჰყვა მეცხრე სპეციალური რეკომენდაციის მიღება. ხოლო, 2012 წლის თებერვალში არსებითი გადასინჯვის შედეგად FATF-ის მიერ არსებული 40+9 რეკომენდაციის ნაცვლად მიღებული იქნა აღნიშნული რეკომენდაციების განახლებული ტექსტი 40 რეკომენდაციის სახით.

აღსანიშნავია, რომ ფინანსურ ქმედებათა სპეციალურ ჯგუფს არ გააჩნია მკაფიოდ განსაზღვრული წესდება. მისი მისია ყოველ ხუთ წელიწადში ერთხელ ექვემდებარება გადასინჯვას. ჯგუფში გაწევრიანებული სახელმწიფოების წარმომადგენელი მინისტრები 2012 წელს შეთანხმდნენ ფინანსურ ქმედებათა სპეციალური ჯგუფის მანდატის გაგრძელებაზე 2020 წლამდე. ფინანსურ ქმედებათა სპეციალურ ჯგუფში ამჟამად 36 წევრია: 34 სახელმწიფო და ორი საერთაშორისო რეგიონალური ორგანიზაცია – ევროკომისია და სპარსეთის ყურის ქვეყნების თანამშრომლობის საბჭო (Gulf Cooperation Council).

ფულის გათეთრების წინააღმდეგ ფინანსურ ქმედებათა სპეციალური ჯგუფი თანამშრომლობს ევროპის საბჭოს ფულის გათეთრების წინააღმდეგ მიმართულ ღონისძიებათა შემფასებელ რჩეულ ექსპერტთა კომიტეტთან (Moneyval), ფულის გათეთრებასთან და ტერორიზმის დაფინანსებასთან ბრძოლის ევრაზიის ჯგუფთან (EAG), შუა აზიისა და ჩრდილოეთ აფრიკის ფინანსურ ქმედებათა სპეციალურ ჯგუფთან (MENAFATF) და სხვ.

ვრცლად: www.fatf-gafi.org