ანგარიშგებათა მიწოდების ონლაინ სისტემა

საერთაშორისო და ადგილობრივი თანამშრომლობა

საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახური უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის აღკვეთის ხელშეწყობისა და ტერორიზმის დაფინანსების წინააღმდეგ ბრძოლის სფეროში აქტიურად თანამშრომლობს ევროპის საბჭოს ფულის გათეთრების წინააღმდეგ მიმართულ ღონისძიებათა შემფასებელ რჩეულ ექსპერტთა კომიტეტთან (Moneyval), ეგმონტის ჯგუფთან (Egmont Group) და სხვა საერთაშორისო ორგანიზაციებთან. სამსახურს ორმხრივი თანამშრომლობის შესახებ მემორანდუმები გაფორმებული აქვს მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნების შესაბამის სამსახურებთან.

„უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის აღკვეთის ხელშეწყობის შესახებ“ საქართველოს კანონის თანახმად, უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციასთან და ტერორიზმის დაფინანსებასთან დაკავშირებულ საკითხებზე საქართველოს საამისოდ უფლებამოსილი ორგანოები თავიანთი კომპეტენციის ფარგლებში თანამშრომლობენ ადგილობრივ და სხვა სახელმწიფოთა უფლებამოსილ ორგანოებთან და საერთაშორისო ორგანიზაციებთან საჭირო ინფორმაციის მიღების,  გამოძიების,  სასამართლო განხილვისა და გადაწყვეტილებების აღსრულების სტადიებზე.

ადგილობრივი თანამშრომლობის ხელშეწყობის მიზნით, საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურის მიერ  ხელმოწერილია მემორანდუმები თანამშრომლობის შესახებ საქართველოს ეროვნულ ბანკთან, საქართველოს ფინანსთა, იუსტიციის და შინაგან საქმეთა სამინისტროებთან, ასევე სსიპ – საქართველოს სამოქალაქო რეესტრის სააგენტოსთან (ამჟამად „სსიპ – სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტო“). მემორანდუმების მიზანია უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციისა და ტერორიზმის დაფინანსების აღკვეთის ხელშეწყობის მიზნით განხორციელებული საქმიანობის კოორდინაციის უზრუნველყოფა.