ანგარიშგებათა მიწოდების ონლაინ სისტემა

საზედამხედველო ორგანოები

"უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის აღკვეთის ხელშეწყობის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად, მონიტორინგის განმახორციელებელი პირების საზედამხედველო ორგანოებია:

საქართველოს ეროვნული ბანკი – კომერციული ბანკების, ვალუტის გადამცვლელი პუნქტების, კვალიფიციური საკრედიტო ინსტიტუტების, არასაბანკო სადეპოზიტო დაწესებულებებისა და მიკროსაფინანსო ორგანიზაციებისათვის; ფულადი გზავნილების განმახორციელებელი პირებისათვის; საბროკერო კომპანიებისა და ფასიანი ქაღალდების რეგისტრატორებისათვის;

სსიპ საქართველოს დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახური - სადაზღვევო კომპანიებისა და არასახელმწიფო საპენსიო სქემის დამფუძნებლებისათვის;

საქართველოს ფინანსთა სამინისტრო – ლატარიებისა და სხვა მომგებიანი თამაშების მომწყობი პირებისათვის; ძვირფას ლითონებთან, ძვირფას ქვებთან და მათ ნაწარმთან და ანტიკვარულ ნივთებთან დაკავშირებული საქმიანობის განმახორციელებელი პირებისათვის; საბაჟო ორგანოებისათვის; გრანტებისა და საქველმოქმედო დახმარებების გამცემი პირებისათვის, სალიზინგო კომპანიებისათვის;

საქართველოს იუსტიციის სამინისტრო – ნოტარიუსებისათვის და საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოსათვის;

საქართველოს კანონმდებლობის საფუძველზე შექმნილი ბუღალტერთა საერთაშორისო ფედერაციის წევრი ორგანიზაცია - იმ პირებისათვის, რომლებიც საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით ეწევიან საბუღალტრო ან/და აუდიტორულ საქმიანობას;

სსიპ საქართველოს ადვოკატთა ასოციაცია - ადვოკატებისათვის;

"უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის აღკვეთის ხელშეწყობის შესახებ" საქართველოს კანონის თანახმად, საზედამხედველო ორგანოებს ეკისრებათ პასუხისმგებლობა მონიტორინგის განმახორციელებელი პირების მიერ აღნიშნული კანონით გათვალისწინებული ვალდებულებების (გარიგების შესახებ, მათ შორის, მისი მონაწილე პირების იდენტიფიკაციისათვის წარმოდგენილი ინფორმაციის სისტემატიზაციისა და მიწოდების, შიდა კონტროლის განხორციელებისა და სხვ.) შესრულების შემოწმებისათვის, განსაზღვრული წესითა და პროცედურით.

თუ საზედამხედველო ორგანომ აღმოაჩინა, რომ გარიგება ექვემდებარებოდა მონიტორინგს და ამის შესახებ ინფორმაცია არ იყო გადაგზავნილი საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურში, ან რომ დარღვეული იყო "უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის აღკვეთის ხელშეწყობის შესახებ" საქართველოს კანონის, შესაბამისი ნორმატიული აქტების ან ფინანსური მონიტორინგის სამსახურის მითითებები, იგი ვალდებულია დაუყოვნებლივ აცნობოს ეს ფინანსური მონიტორინგის სამსახურს და დამრღვევ პირს დააკისროს შესაბამისი სანქცია.